ამბობენ
ამ შენობაში შემონახულია ცნობილი მხატვრის ბენო ტელინგატერის კედლის მხატვრობა; სწორედ მან მოხატა ეს სახლი. გადმოცემის მიხედვით, ბენო ტელინგატერს ეკუთვნის აგრეთვე „ჩინური დარბაზის“ და „გერმანული ოთახის“ მოხატულობა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, ასევე — სომეხი ვაჭარი ძმების სეილანოვების საცხოვრებელი სახლი გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, №18.
ამბობენ, რომ იმ დროის უცხოელმა ოსტატებმა, მათ შორის ბ. ტელინგატერმა, თბილისში ინტერიერის გაფორმების ის საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრეს, რაც ევროპის დიდ ქალაქებში გვხვდება.
დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ. N93-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აგებულია 1904წელს. შენობის და მისი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციას სახლის მესამე სართულის განაპირა მხარეს დატანილი ინიციალებით ვიგებთ. შენობის მფლობელი თევზით მოვაჭრე, წყალობა აბაზოვი ყოფილა.
სამსართულიანი სახლი ცენტრალურ ნაწილში ლუნეტებიანი მანსარდით სრულდება. მთავარ ქუჩაზე გამავალი ფასადი უხვად არის შემკული დეკორით. ყვავილთა გირლიანდებით, კარიატიდებითა და ყრმა ანგელოზების ქანდაკოვანი რელიეფებით. ის ბაროკალურ-ეკლექტური სტილით ხასიათდება.
სადარბაზოს შესასვლელი კარი პირველ სართულზე, ნაგებობის მარჯვენა განაპირა მხარესაა ჩასმული. (ამჟამად არსებული ხის კარი 2011 წელს სარესტავრაციო სამუშაოების დროს ძველი ნიმუშის მიხედვით დამზადებული ზუსტი ასლით შეიცვალა).
სადარბაზო სამივე სართულზე მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია 1905 წელს, საკმაოდ ცნობილი მხატვრის ბენედიქტ ტელინგატერისა (ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა)
და დე მარცოს მიერ. მხატვართა ხელმოწერა და თარიღი შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს აწერია.