ამბობენ
როგორც ამბობენ, ეს სახლი გერმანელ ვაჭარს ეკუთვნოდა.
მე-19 საუკუნის თბილისი კულტურულად მრავალფეროვანი ყოფილა, რაც ხელს უწყობდა უცხოელი ვაჭრებისა და მეწარმეების ქალაქში დასახლებას.
სახლის არქიტექტორიც გერმანელი იყო — ლეოპოლდ ბილფელდი, რომელიც ჰანოვერში იყო დაბადებული. თბილისში ის 1868 წელს დასახლდა.
მის სახელს უკავშირდება თბილისის რამდენიმე ისტორიული შენობა-ნაგებობა: ლუთერანული ეკლესია, სასტუმრო „ვეტცელი“, ასევე ქაშვეთის ეკლესიის რესტავრაცია 1910 წელს.
გარდა ამისა, ბილფელდი კერძო საცხოვრებელი სახლების დაპროექტებითაც იყო დაკავებული. მისი დამკვეთები თბილისის ყველაზე შეძლებული მოქალაქეები იყვნენ.
დეტალური ინფორმაცია
აღმაშენებლის გამზ. #75-ში მდებარე შენობა, წარმოშობით გერმანელ მეორე გილდიის ვაჭარ იოჰან მაიერის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე შენობის მფლობელი იყო. კერძოდ, „ვარდების“ ბაღის შესასვლელის ორივე მხარეს არსებული ნაგებობები მას ეკუთვნოდა. ორივე შენობის ავტორი გერმანელი არქიტექტორი ლ. ბილფელდია. შენობათა არქიტექტურული სახე კლასიცისტურ სტილს ენათესავება.