ამბობენ
ამ სახლში საქართველოში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორი, ალბერტ ზალცმანი მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობდა. სახლი მან 1872 წელს თავადვე დააპროექტა და ააშენა.
არქიტექტორის მეუღლე, ემილია იურგენსი (Emilia Jürgens), წარმოშობით სანქტ-პეტერბურგიდან იყო და ცნობილი არქიტექტორის ქალიშვილი გახლდათ. ემილია გამოირჩეოდა ხელოვნებისადმი სიყვარულით. იგი მექანიკურ თოჯინებს ქმნიდა და შვილებთან ერთად ამ სახლში მცირე თეატრალურ წარმოდგენებს დგამდა
ალბერტ და ემილია ზალცმანებმა ერთად ხუთი შვილი აღზარდეს: ბორისი, მალვინა, ოლგა, ადელია და ალექსანდრე — მომავალში ცნობილი მხატვარი, სცენოგრაფი და კარიკატურისტი, „ცისფერი გალერეის“ არქიტექტორი და მიუნხენში ვასილი კანდინსკის ჯგუფის, „PhalanX“-ის თანადამფუძნებელი.
ზალცმანების ოჯახი ერთ-ერთი გამორჩეული გერმანული წარმოშობის ოჯახი იყო თბილისში, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს ქალაქის კულტურულ და არქიტექტურულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
ალბერტ ზალცმანის ნამუშევართაგან აღსანიშნავია:
- კათოლიკეთა ეკლესია ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე (1870);
- კავკასიის მუზეუმი, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ახლანდელი შენობის ადგილას იდგა;
- ქალთა გიმნაზიის შენობა (დღევანდელი ლადო გუდიაშვილის ქუჩა №10);
- თბილისის სახაზინო თეატრი (ამჟამად — ოპერისა და ბალეტის თეატრი), რომლის მშენებლობასაც 1886–1893 წლებში ხელმძღვანელობდა;
- თბილისის არისტოკრატიული და ბურჟუაზიული ფენების მრავალი საცხოვრებელი სახლი, აგებული მისივე პროექტით.
დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ. # 113/115-ში მდებარე შენობა, საქართველოში მოღვაწე, გერმანელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის საცხოვრებელი სახლი, თავად, არქიტექტორმა ააშენა. შენობა გამზირის განაშენიანებიდან ოდნავ, სიღრმეში მდებარეობს. ნაგებობის საფასადო მორთულობა კლასიცისტურ-ბაროკალურია და გამომსახველობით გამოირჩევა.