დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. #60. XIX საუკუნის ბოლოს, ქალაქის მოსახლეობისას ზრდამ სრულიად ბუნებრივად დააყენა საჭიროება იმისა, რომ  ქალაქს დიდი სამკურნალო დაწესებულება ესაჭიროებოდა. სწორედ ამ მიზნით, 1864-1865 წლებში, ქალაქის ხელისფლებამ გამოყო კომისია, მედიკოს ა. ლიბაუს თავმჯდომარეობით, რომელსაც ქალაქში  კაპიტალური დიდი საავადმყოფოს მშენებლობის ორგანიზება დაევალა.
საორგანიზაციო კომისიამ იმ დროინდელ ტიფლისის ტერიტორიაზე, საკმაოდ დიდი ზომის მიწის ნაკვეთი შეარჩია. ნაკვეთი შეისყიდეს გერმანელი მეპატრონეების იოჰან მაიერსისა და გოტლიბ ლანგისგან. 1864 წელს. სპეციალურად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კი გადაწყდა რომ საავადმყოფოს მშენებლობა ალბერტ ზალცმანის პროექტით განხორციელებულიყო. შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 1868 წლის 8 ნოემბერს, ა. ლიბაუმ კი საავადმყოფოს გადასცა საკუთარი ბიბლიოთეკა და 10 ათასი მანეთი, რომლის პროცენტული დანამატით ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, საავადმყოფოს ერთ-ერთი ორდინატორი სამეცნიერო მივლინებით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ.
ისტორიული ცნობების თანახმად,  ა. ზალცმანმა, საავადმყოფოს მშენებლობის მეთოდოლოგიისა და სტილის შესასწავლად სპეციალურად იმოგზაურა გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და ინგლისში, რათა დეტალურად შეესწავლა ის მეთოდი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საავადმყოფოს კომპლექსი და მისი საჭიროებანი. მოგზაურობა ერთ წელიწადს გაგრძელდა, სამშობლოში დაბრუნებულმა არქიტექტორმა კი კომპლექსის დაპროექტება დაიწყო.სამედიცინო დანიშნულების კომპლექსი, საკმაოდ დიდი ზომის ტერიტორიას მოიცავდა, რომელზეც ძირითადი და მეორეხარისხოვანი შენობები იყო გაბნეული. თუმცა მათი განთავსება არა  შემთხვევითი, არამედ გეგმაზომიერი და სტრუქტურულად გააზრებული იყო. კომპლექსი ფაქტობრივად ორ ქუჩას შორის მდებარეობდა და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. მათში უმთავრესი ცენტრალური ნაგებობა და აღმაშენებლის ქუჩის მხარეს განთავსებული ფლიგელები იყო.