დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია


აღმაშენებლის გამზ. #28-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, რომელიც მე XIX ს-ის მეორე ნახევარს  უნდა განეკუთვნებოდეს. 
შენობის თავდაპირველი მეპატრონე, გრიგორ ვართანოვი ყოფილა. გადმოცემის თანახმად, ვართანოვების ოჯახი სამღებრო საქმიანობით იყო დაკავებული. ერთ- ერთი სარემონტო სამუშაოების დროს,  პირველ სართულზე იატაკის ქვემოთ ჭადრაკული ტიპის მოზაიკა იპოვეს, (რომელიც მოგვიანებით ხის იატაკით დაიფარა.) სავარაუდოდ სწორედ ამ მონაკვეთში ჰქონდა გახსნილი თავდაპირველ მეპატრონეს სამღებრო მაღაზია- სახელოსნო. მაღაზიის ნომერი ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო პირველი სართულის ფასადზე. შენობის მეორე სართული ვართანოვების საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. 

შენობის ფასადი სტილისტურად კლასიცისტური ელემენტებით არის გაწყობილი, რომლის მთავარ აქცენტსაც ცენტრში შეკიდული ხის ჭვირულ მოხარატებული აივანი ქმნის. მასიური, ხუთი დორიული სვეტი, ხის კოჭებით დამუშავებულ გადახურვას იჭერს და აივნის საერთო სივრცეს ანაწევრებს. სვეტებს შორის ხის ჭვირულ მოხარატებული დეკორატიული დაფებია ჩადგმული. მისი ნახატი ერთგვარი სიფაქიზით ხასიათდება რომელშიც წრიული, სავარაუდოდ მზის მოტივებია გამოყენებული. ასევე ჭვირული დეკორატიული ვერტიკალური დაფებია ჩასმული აივნის სვეტების კაპიტელებთან. ფაქტობრივად, ჭვირული ნაკეთობები აივნის დიდ ნაწილს იკავებს და მის განსაკუთრებულ მხატვრულ გამომსახველობას განაპირობებს. ისტორიული ფოტოების მიხედვით, შენობის შიდა ეზოს ფასადი მეზონინით სრულდებოდა. 
მხატვრულ-სტილისტური ანალიზის საფუძველზე, შენობა XIX ს-ის მეორე ნახევარს განეკუთვნება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არამხოლოდ გამზირის, არამედ უბნის მხატვრულ ისტორიულ სურათში.