1879 წელს აგებული შენობის ავტორი ლეოპოლდ ბილფელდი

დეტალური ინფორმაცია

დ. აღმაშენებლის გამზ. #46/ანზორ ერქომაიშვილის #12-ში მდებარე 1879 წელს აგებული შენობის ავტორი 1868 წლიდან თბილისში მოღვაწე ცნობილი გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდია. აღმაშენებლის გამზირისა და ჭოროხის ქუჩის კუთხეში მდგარი ორსართულიანი სახლის კუბური მოცულობა მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი, ისტორიულ-კულტურული და მხატვრული თვალსაზრისით. რუსტის დეკორატიული ლესვით დაფარული შენობის ევროპულ ყაიდაზე გამართული ფასადები რენესანსულ-ბაროკოული ეკლექტიზმის ნიმუშს გვთავაზობს, რაზეც მიუთითებს ერთი მხრივ, შენობის სადად პროფილირებული საპირეები, მეორე მხრივ კი მცენარეული ორნამენტით დამშვენებული კარნიზი და სახლის დამაგვირგვინებელი პარაპეტის თაღოვანი შვერილი. სწორკუთხა კარ-სარკმელთა მწყობრი რიტმით დანაწევრებული მთავარი ფასადი სიმეტრიულია, თუ არ ჩავთვლით შენობის მარჯვენა კიდეში გაჭრილ სადარბაზოში შესასვლელ ხის კარს, რომელიც ხისა და ლითონის დეკორატიული ელემენტებითაა მორთული. სადარბაზო უხვადაა დეკორირებული; აქ ფართო ქვის კიბეებია, შიდა სივრცე დანაწევრებულია პროფილირებული, კორინთული კაპიტელებით დასრულებული პილასტრებით, ჭერს კი მთელ პერიმეტრზე შემოსდევს მცენარეული ორნამენტებით უხვად მორთული ფრიზი. 
ჭოროხის ქუჩის მხარეს გამოსული ფასადის გაფორმება, მთავარი ფასადის მსგავსია, ოღონდ უფრო სადაა, ნაკლებად შემკული სკულპტურული სამკაულით. ფასადის კუთხეში გაჭრილია შესასვლელი, პატარა, ლითონის მოაჯირიანი კიბით. მეორე შესასვლელი მთავარი ფასადიდანაა, რომელიც სადარბაზოში შეუძღვება მიმსვლელს. 
თბილისური საცხოვრებელი სახლის ტრადიციის თანახმად, მოცემულ შენობასაც ორი განსხვავებული ფასადი აქვს; ევროპული სტილის ფასადს შიდა ეზოს მხარეს, ძველად ქართული საცხოვრისის განუყოფელი ელემენტი - ეზოსპირა ფასადის მთელ პერიმეტრზე მოწყობილი ხის ღია გალერეა-აივანი აგრძელებს.