დეტალური ინფორმაცია
ივ. ჯავახიშვილის N17-ში მდებარე XIX საუკუნის მიწურულს აგებული შენობა ივ. ჯავახიშვილის ქუჩის ელიტურ საცხოვრებელ სახლთა შორის, ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. ლათინური ,,U”-ს ფორმის შენობა აღმოსავლეთით მცირე დაქანებულ რელიეფზე დგას და ორი ქუჩის კვეთაზე შპილიანი გუმბათით დაგვირგვინებული, იმპოზანტური კუთხის ერკერითა და ერთიანად რუსტირებული ფასადებით გამოდის. ეკლექტური, ფსევდო-ბაროკოული იერის მქონე შენობა უხვადაა დეკორირებული; აღსანიშნავია რელიეფური ფილებით გაფორმებული ფრიზული სარტყელი; დეკორატიული ფილების მდიდრული, ნაძერწი პლასტიკა გრიფონების გამოსახულებებით, მეორე სართულის სარკმლებს შორის ჩასმული ლომის მასკარონები და თაღოვანი ღიობები, რომლებიც ორივე სართულზე რუსტირებულ, ფართო საპირეებშია მოქცეული.
შენობა, პროპორციული თუ მასშტაბური, მხატვრულ-სტილისტური თუ სივრცულ-ორგანიზაციული თვალსაზრისით, ორგანულადაა ჩაწერილი უბნის საერთო ურბანულ კონტექსტში.