ეროვნული მუზეუმი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. #3/10 - ში მდებარე ეროვნული მუზეუმი (დღევანდელი სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი) - საქართველოს ეროვნული მუზეუმი კავკასიის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა. კავკასიის მუზეუმის შენობა 1860-იან წლებში აშენდა ა. ზალცმანის პროექტით. მოგვიანებით ლ. ბილფერდის პროექტით მოხდა აღნიშნული შენობის რეკონსტრუქცია, თუმცა მიუხედავად გაფართოებისა, მუზეუმი ვერ იტევდა ექსპონატებსა და ფონდებს და შესაბამისად გადაწყდა დიდი ზომის სრულფასოვანი მუზეუმის მშენებლობა. 

ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მუზეუმის დიდი შენობის მშენებლობისა, 1910 წელს გამოცხადდა კონკურსი, რის შედეგადაც გამარჯვებულად გამოვლინდა ა. ტატიშევის პროექტი. 

პროექტის მიხედვით ახალი მუზეუმის შენობა გადაწყვეტილი იყო «ისლამურ» ან როგორც მაშინ აღნიშნავდნენ «მავრულ სტილში», სადაც გამოყენებული იყო ისლამური არქიტექტურის ცნობილი მოტივები – მეჩეთის პორტალები ისრული თაღებით და მინარეთებით, სტალაქტიტებიანი ფრიზები და ფერადი მოჭიქული ფილები, რომელთაც მთავარი ფასადი უნდა შეემკოთ 

შენობის პროექტის ავტორიც არქიტექტორი კორნელი ტატიშჩევია. აღნიშნული პროექტი 1910 წლის 12 ნოემბერს მეფისნაცვალმა დაამტკიცა. მშენებლობა 1911 წელს შემოდგომაზე დაიწყო,  დასრულდა  1912 წლის აგვისტოში. მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცებული იყო არქიტექტორ კ.ტატიშჩევის პროექტი, მშენებლობა არქიტექტორ მ.ნეპრინცევის პროექტით დაიწყო. 1912 წლის სექტემბერში არქიტექტორი კ.ტატიშჩევი, რომელიც მუზეუმის ახალი შენობის მშენებელიც იყო, საგანგებო სამშენებლო კომისიასთან უთანხმოების გამო გადადგა ამ თანამდებობიდან 

ამასთან დაკავშირებით სამშენებლო კომისიამ მუზეუმის მშენებლად მოიწვია თბილისელი არქიტექტორი ალექსანდრე როგოისკი (? - 1912 წწ.), რომელიც სამწუხაროდ იმავე წელს გარდაიცვალა. მის ნაცვლად კომისიამ აირჩია არქიტექტორი მ.ნეპრინცევი. ამ უკანასკნელს დაევალა თავდაპირველი პროექტის გეგმის გადაკეთება შენობის იმ ნაწილში, რომელიც გადიოდა ნიკოლოზის შესახვევის მხარეს. აგრეთვე, მთავარი ფასადის გადაკეთება, ასევე «აღმოსავლურ» სტილში, მაგრამ სპარსული არქიტექტურის მოტივების გამოყენებით. 

ამგვარად, მუზეუმის მთავარი ფასადი, რომელიც «მავრული სტილისა» იყო, შეიცვალა ახლით, მაგრამ ასევე «აღმოსავლური სტილის» ფასადით, სადაც გვიანი ირანული არქიტექტურის ელემენტები და დეტალები იყო გამოყენებული. 1912 წლის ბოლოს ეს პროექტი უკვე შედგენილი იყო და მოხდა მისი დამტკიცება. 

1914 წლის ზაფხულისათვის მუზეუმის შენობის კედლები ძირითადად ამოყვანილი იყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ მისი მშენებლობა შეაფერხა. დაფინანსება შემცირდა. ნელი ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები ბრტყელი სახურავის კონსტრუქციის დასასრულებლად, მესამე სართულის საგამოფენო დარბაზების ზედა განათების ფარნების მოსაწყობად და სხვ. 1917 წლის დასაწყისში მშენებლობა საერთოდ შეწყდა. ამ დროისათვის შენობის ძირითადი მოცულობა უკვე ამოყვანილი იყო ანუ როგორც მაშინ ამბობდნენ, შენობა ,,შავად“ აგებული იყო. 

1918 წლის 26 მაისს საქართველოში  ეროვნული სახელმწიფოებრიობა აღდგა. გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა. 

1919 წლის 1 აგვისტოს დამფუძნებელთა კრებამ და საქართველოს მთავრობამ მიიღო დეკრეტი კავკასიის მუზეუმის გაუქმებისა და მის ბაზაზე საქართველოს მუზეუმის დაარსების შესახებ. 

1919 წლის 19 დეკემბერს დამფუძნებელთა კრებამ და რესპუბლიკის მთავრობამ მიიღეს დეკრეტი საქართველოს მუზეუმის შენობის მშენებლობის დასრულების მიზნით სახსრების გამოყოფის შესახებ და შეჩერებული მშენებლობა განახლდა. 1920 წელს გარკვეული თანხები გამოიყო ფასადის მოსაპირკეთებლად. 

შეიქმნა შენობის რეკონსტრუქციის სპეციალური სააღმშენებლო კომიტეტი. მთავარი ფასადის რეკონსტრუქციის პროექტზე გამოცხადდა ღია კონკურსი (1923 წ.), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არქიტექტორებმა: ა.კალგინმა (1875-1943), მ.ნეპრინცევმა, ნ.სევეროვმა, მ.მაჭავარიანმა (1886-1951) და სხვ. 1923 წლის 18 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი პროექტები განიხილა სპეციალურმა კომისიამ ი.ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით, რომელმაც დაადგინა: «ხმების უმრავლესობით მიეცეს I პრემია არქიტ. ნ.სევეროვს, როგორც შედარებით დამაკმაყოფილებლად შესრულებული პროექტისათვის, მაგრამ შენობის აგების დროს მასში უნდა იქნას შეტანილი ზოგიერთი ცვლილებები, II პრემია კი მიეცეს ან.კალგინის პროექტს, როგორც მხატვრულად შესრულებულს». 

შენობამ საბოლოო სახე, სწორედ აღნიშნული პროექტის შედეგად მიიღო.