დეტალური ინფორმაცია
პუშკინის ქ. N3-ში მდებარე შენობა, აგებულია 1870-იან წლებში. მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არქიტექტორი ალბერტ ზალცმანია, სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. შენობა ქ. თბილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოებად არის მითითებული, რომელიც 1880 წლის 31 ოქტომბერს დაარსდა და იმდროინდელი რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქების საკრედიტო საზოგადოების გუბერნიების ერთ-ერთ ფილიალს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოება, არასამთავრობო ფინანსური ორგანიზაცია იყო, რომელიც გირაოდ ქალაქის მამულებს იღებდა. აღნიშნული საზოგადოების წევრებს შეადგენდნენ დაგირავებული მამულების პატრონები. საზოგადოება გირაოდ ხის და კაპიტალურ შენობებს იბარებდა. ხის შენობებზე 14 წლის ვადით, წლიურად 10 პროცენტის სანაცვლოდ, ხოლო ქვითკირის შენობებზე 25 წლის ვადით, 7 პროცენტის სანაცვლოდ. საზოგადოება სესხად იძლეოდა გირავნობის ქაღალდებს. სესხის გაცემის აუცილებელი პირობა უძრავი ქონების დაზღვევა იყო.
შენობა, მოედანზე გამომვალი გრძივი ფასადით, თავდაპირველად მსუბუქი ეკლექტიზმით შეზავებული ფსევდო-რენესანსული სტილის იყო, მოედანზე გამომავალი გრძივი ფასადით. ნაგებობას XX ს-ის დასაწყისში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ერთი სექციით დაგრძელდა. ცვლილებები შეეხო ინტერიერსაც და მოდერნის ‘’Art Nouveau’ ყაიდაზე მოეწყო. შენობის ფასადისგან განსხვავებით, რომელიც ეკლექტურად არის შეზავებული, ინტერიერი სტილისტურად ერთი, მოდერნის ‘’Art Nouveau’ ყაიდისაა. საბანკო საოპერაციო ოვალური ზომის დიდი დარბაზის ორიარუსიანი სივრცე საკმაოდ მდიდრულადაა გაფორმებული. დეკორატიული ელემენტებით არის შემკული, როგორც აივნის მოაჯირები, ასევე სვეტები, დარბაზის ჭერი. დახვეწილი პროპორციის სვეტებს შორის არსებული სივრცეები, მცენარეული მოტივის ერთიანი ნახატიდან, ქალის პლასტიკური სახეები ამოიძერწება. ერთიან სტილისტურ კონცეფციას ექვემდებარება არა მხოლოდ შიდა სივრცის მხატვრული გაფორმება, არამედ ავეჯი და მცირე პლასტიკის ელემენტებიც.
საკრედიტო საზოგადოების შენობა ერთ-ერთი პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში. მისი შიდა დაგეგმარებითი სტრუქტურა სწორედ ფუნქციიდან იყო განპირობებული. შენობის მარცხენა მონაკვეთში, ძირითადი ,,საოპერაციო“ სივრცე იყო განთავსებული, რომლის არამხოლოდ ინტერიერი, არამედ ავეჯიც, ბანკის მოთხოვნილების შესაბამისად იყო მოწყობილი.