პავლე ინგოროყვას ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

ყოფილი ლაბორატორიის, შემდგომ სხვადასხვა დროს პეტრე დიდის, ლევ ტროცკისა და ფელიქს ძერჟინსკის ქუჩისა და ყოფილი ალექსეი ერმოლოვის, შემდგომ კი შიო ჩიტაძის ქუჩის კვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთი XIX საუკუნის მეორე ნახევერში ეკუთვნოდა თავადს ზაქარია ერისთავს, რომელზეც მან 1880-ან წლებში ააშენა სახლი. 1912 წელს მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული  სახლით იყიდა ბაქოელმა პირველი გილდიის ვაჭარმა ამბარცუმ მელიქოვმა.

1914 წელს ძველი შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდა, თბილისელი  არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევის პროექტის მიხედვით, რის შედეგადაც ფასადი მოდერნის სტილზე მოეწყო. 1921 წელს ამბარცუმ მელიქოვი წავიდა ემიგრაციაში, სახლი კი ნაციონალიზებულ იქნა. ამ სახლში ცხოვრობდა და აქვე, 1937 წელს დააპატიმრეს, შემდეგ კი დახვრიტეს გამოჩენილი ქართველი მიკრობიოლოგი, ბაქტერიოფაგის შემქმნელი გიორგი ელიავა. ასევე ამ სახლში ცხოვრობდა და 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა ქართველი ბოლშევიკი შალვა ელიავა.